სალონიკის აეროპორტში 30 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა, პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა. ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სალონიკის აეროპორტიდან საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა პასპორტის კონტროლზე აღმოაჩინეს, რომ იგი საბერძნეთში არალეგალურად, 6 თვის მანძილზე იმყოფებოდა. როდესაც ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებმა პოლიციას აცნობეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს და სპეციალურ განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს.
პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა სასამართლოში განაცხადა, რომ ბრალდებული აგრესიული ქცევით გამოირჩეოდა და პოლიციასთან არ თანამშრომლობდა.
"[დაკავებიდან] რამდენიმე წუთში იგი აღელდა და როცა მასთან ხელბორკილების დასადებად მივედი, მუშტები თავდაცვით პოზიციაში მოიმარჯვა. მან ორჯერ სცადა, დაერტყა ჩემთვის, მაგრამ მე ისინი ავიცილე. ამის შემდეგ იგი იდაყვებითა და ფეხებით დარტყმას ცდილობდა. ჩვენ ვცდილობდით, რომ მისი გაჩხრეკა დაგვესრულებინა, როდესაც იგი სკამზე დაჯდა და ჩემს კოლეგას ფეხზე უკბინა" - ჩვენება მისცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციელმა სასამართლოში.
ქართველმა მამაკაცმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას პოლიციასთან პრობლემა არ ჰქონია, ხოლო მისი აგრესიული რეაქცია სირცხვილის გრძნობისა და დაბნეულობის ბრალი იყო.
"მათ მე ოთახში წამიყვანეს. პოლიციელმა მიბრძანა, რომ ფეხსაცმელები, შარვალი და საცვალი გამეხადა. მე მათ ვუთხარი, რომ მრცხვენოდა და საცვლის გახდა არ მინდოდა, რადგან ოთახში ჩემ გარდა კიდევ 4 ადამიანი იყო. მე [ბერძნული] არ ვიცი, შესაბამისად, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა". - თქვა დაკავებულმა მამაკაცმა სასამართლოში.
დაკავებულის თქმით, იგი საბერძნეთში თავის პარტნიორთან ერთად 6 თვეა, ცხოვრობს.
საბერძნეთის სასამართლომ 30 წლის ქართველი მამაკაცი, სხვა ბრალდებებთან ერთად, პოლიციელზე ფიზიკურ თავდასხმაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ქვეყნიდან დეპორტაციის მიზნით აღიძრა ადმინისტრაციული საქმეც, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა.