ანტიკორუფციული ბიურო

მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

პარლამენტმა 29 მაისს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები შევსებიდან 60 დღის განმავლობაშიც კი არ გასაჯაროვდეს. ინფორმაცია ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება

" თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია". - წერია კანონის ცვლილებაში.

შესაბამისად, მაღალჩინოსანს ანტიკორუფციული საბჭო ხარვეზის შესახებ დეკლარაციის წარდგენიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში მიუთითებს, ხოლო აღნიშნულ თანამდებობის პირს კიდევ 1 თვე ექნება იმისათვის, რომ ხარვეზი გამოასწოროს. დეკლარაციაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გასაჯაროვდება მაღალჩინოსანთა "გამოსწორებული" დეკლარაციები. 

კანონში ცვლილების შეტანამდე, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების ვადა შევსებიდან 48 საათი იყო. 

კომენტარები