რუსეთში, კრასნოდარის ოლქის მოლკინოს დასახლებაში მდებარე აფრიკული კორპუსის სამხედრო ბაზაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, კორპუსის შტაბი სრულად დაიწვა. ინფორმაციას ტელეგრამზე Z-ბლოგერები ავრცელებენ.
აფრიკული კორპუსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი დანაყოფია. კორპუსის შექმნის შესახებ პირველი ცნობები 2023 წლის ნოემბერში გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც დანაყოფი კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის ადგილს დაიკავებდა. აფრიკული კორპუსის წევრთა უმრავლესობა ყოფილი ვაგნერელია. დანაყოფის ზემოხსენებული შტაბი, რომელიც კრასნოდარის ოლქში, კერძოდ, მოლკინოში არსებულ სამხედრო ბაზაზე მდებარეობს, გაუქმებამდე ვაგნერს ეკუთვნოდა.
აქამდე, New York Times წერდა, რომ ბოლო 1 წელში, ჩავარდნილი აჯანყების შემდეგ, კრემლმა აფრიკაში ვაგნერის გავლენებზე კონტროლის გამტკიცება დაიწყო და ჯგუფის ძალები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფებებში გადაანაწილა.
როგორც გამოცემა წერს, ვაგნერის აფრიკის განშტოებაზე კონტროლი მოიპოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ის გააერთიანა აფრიკულ კორპუსში, რომელშიც სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებებია თავმოყრილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფრიკის კორპუსი აბარია რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ГРУ-ს.
NYT-ი ხაზს უსვამს, რომ ვაგნერი სრულად არ გამქრალა. მისი ზოგიერთი შტო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მოქმედებას აგრძელებს. მათ ახლო კავშირი აქვთ ადგილობრივ სამხედროებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებთან, რაც რუსეთისთვის ძალიან ფასეულია და მათი მოშორება არ უღირთ, როგორც ამას დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ფიქრობენ.
რუსეთს აფრიკაში პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების გაღრმავება სურს. 2015 წლის შემდეგ მოსკოვმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება 43 აფრიკულ სახელმწიფოსთან გააფორმა და 2018-2022 წლებში კონტინენტზე იარაღის უდიდესი მიმწოდებელი იყო. ვაგნერი აკონტროლებდა ოქროს საბადოებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში. რუსეთის ხელშია ბრილიანტების მომპოვებელი კომპანიები ანგოლასა და ზიმბაბვეში. ამას გარდა, რუსეთი ბურკინა-ფასოსა და მალის ბირთვული სექტორის განვითარებაში დახმარებას, მეტი აფრიკელი სტუდენტის მიღებასაც დაჰპირდა.





