20 სექტემბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია კურსკის ოლქზე კონტროლს "დროულად" აღიდგენს, თუმცა არ განუმარტავს როდის არის ამის მიღწევა მოსალოდნელი.
"ჩვენი ჯარი თავის საქმეს აკეთებს. ისინი ამას [კონტროლის აღდგენას] მიაღწევენ. კონტროლი აღდგება". - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, "ვითარება, რა თქმა უნდა, იმ ადგილებში, რომელიც უკრაინელი მებრძოლების კონტროლის ქვეშაა, თავისთავად, უკიდურესია".
უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები რუსეთისთვის მოულოდნელად დაიწყო. 19 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინა კურსკში 1 250 კვადრატულ კილომეტრსა და 92 დასახლებას აკონტროლებდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ კურსკში მოქმედებების შედეგად რუსეთს ამ მიმართულებით 40 000 ჯარისკაცის გადაგზავნა მოუწია.





