გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა გაწყვიტოს შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ბლოკის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. როგორც გამოცემა წერს, ეს იქნება ბრიუსელსა და ერთ დროს გაწევრიანების მოსურნე ყველაზე პერსპექტიულ ქვეყანას შორის ურთიერთობების რღვევის მნიშვნელოვანი ნაწილი.
დღეს, 19 სექტემბერს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლის გაგრძელების შემთხვევაში, "ყველა ვარიანტი განიხილება", "ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერების ჩათვლით".
"ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია.
შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მოვლენების შემთხვევაში, ასევე საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში". - უთხრა მან გამოცემას.
აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც. ივლისში ეს ინფორმაცია კვლავ გაავრცელა რადიო თავისუფლებამაც, რომელმაც საქართველოზე ევროკომისიის დღის წესრიგის შესახებ დოკუმენტი მოიპოვა. ნაბიჯები ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის შესაძლო ქმედებებს ეხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე განიხილებოდა ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება, სანქციები იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში. თუმცა, აღნიშნული ჯერ კიდევ მხოლოდ დაუდასტურებელ ინფორმაციად რჩება.
ვრცლად უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წაიკითხეთ ტაბულას სტატია: ოცნება ცრუობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია - შეჩერების მექანიზმი დეტალურად





