საქართველო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს ელის. ქვეყანაში უკვე აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო კამპანიები, დაიწყო ახალი დაპირებების გაცემა და ძველის გახსენება, თუმცა ბოლო ათწლეულში პირველად, არჩევნებს ისეთივე იმედით ელოდებიან ქვეყნის პარტნიორებიც დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში, როგორც თავად ქართველები. თუმცა, ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისგან არა იმედები, არამედ მოქმედება სჭირდებათ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წლევანდელი წელი პირველი დიდი პოლიტიკური მოვლენაა, რადგან სწორედ 2019-20 წლიდან დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლების განსაკუთრებული ანტიდასავლური პოლიტიკა და პროპაგანდა.
სწორედ 2020 წლიდან მოყოლებული მოსახლეობამ ხელისუფლების ნაბიჯების სულ უფრო აქტიურად გაპროტესტება დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ბოლო კვლევებით, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ქვეყნის მოსახლეობის 31%-ს ჯერაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას. ამას ემატება ოპოზიციის შედარებითი სისუსტე, ხელისუფლების არცთუ ისე მცირე მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსი, რაც ქართული ოცნების შანსებს ზრდის.
ოპოზიციისთვის ერთ-ერთი რეალისტური გამოსავალი სწორედ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან მუშაობა და მათი დარწმუნებაა, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ხმის მიცემას არ იმსახურებს.
თუმცა, აქ ვეჩეხებით მთავარ პრობლემას - ხელისუფლების პროპაგანდას, რომ მისი პოლიტიკა, იქნებოდა ეს უცხოური გავლენების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება, პარტნიორების კრიტიკა თუ სხვა, პირველ რიგში ეროვნული პოლიტიკაა და სწორედ ამის გამო ის დასავლური კურსიდან გადახვევას არ ნიშნავს. შესაბამისად, საჭიროა მკაფიო გზავნილები და ნაბიჯები დასავლეთისგან, რომ ისინი საქართველოს მმართველი პარტიის კურსს არ ეთანხმებიან და ეს ქვეყანას დემოკრატიულ სტანდარტებთან აშორებს.
როგორც ჩანს, უკვე გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, არასაკმარისი აღმოჩნდა. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც. ივლისში ეს ინფორმაცია კვლავ გაჟღერდა რადიო თავისუფლების მიერაც, რომელმაც საქართველოზე ევროკომისიის დღის წესრიგის შესახებ დოკუმენტი მოიპოვა. ნაბიჯები ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებს ეხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე განიხილებოდა ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება, სანქციები იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში და ასე შემდეგ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ჯერ კიდევ მხოლოდ დაუდასტურებელ ინფორმაციად რჩება.
მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია აშშ-სთან ურთიერთობაში. ივნისში სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა ხელისუფლების 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების უშუალო წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამას წინ უძღოდა გასულ წელს "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" ქართველ მოსამართლეებზე დაწესებული სანქციები და მათთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვაც.
ეს ნაბიჯები ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო - მეტი ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, თუმცა რთულად სათქმელია, რამდენად საკმარისი მისი მიზნის შესასრულებლად. აგვისტოს დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ელიან შედეგს. თუმცა, საკითხავია, არის თუ არა მხოლოდ ლოდინი საკმარისი.
უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდანაც ვნახეთ. უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პოლიტიკის შეუთავსებლობაზე. თუმცა, სხვა გაფრთხილებები ჯერ კვლავ გაფრთხილებად რჩება და ფაქტია, რომ ევროკავშირის მყისიერებით აშშ-ს ბევრად ჩამოუვარდება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც გასულ წელს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
ამავდროულად ქართული ოცნების ხელისუფლება განაგრძობს მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ისინი კვლავ დასავლურ გზაზე დგანან. მათი საარჩევნო სლოგანიც - "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ" - კიდევ ერთხელ გვაჩვენებს მათი მტკიცების ირონიას. ისინი კვლავ აპელირებენ ომის საფრთხეებზე და დასავლეთის მიერ მცდელობაზე, რომ საქართველოს ღირსება შეულახოს.
ამგვარი პროპაგანდა საქართველოს მოქალაქეების არცთუ ისე მცირე ნაწილზე მუშაობს და ამას განსაკუთრებით ევროპისგან შესაბამისი პასუხი სჭირდება.
ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ სწორედ ევროპარლამენტის არჩევნების პერიოდშივე დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს იღებდა და ბლოკს უფრო შორდებოდა. საქართველოს შემთხვევაშიც საჭიროა ამგვარი მკაფიო რეაგირება, თუმცა, როგორც წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, წახალისება ქართული ოცნების ხელისუფლებაზე დადებითად არ მოქმედებს.
საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის ლიდერებისგან სჭირდებათ დაინახონ, თუ რამდენად მარგინალიზებულია ქართული ოცნების ხელისუფლება დასავლეთში და რომ მიუხედავად მათი მტკიცებისა, მათ ნაბიჯებს დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ევროკავშირმა უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ დააზიანებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და რწმენას, თუმცა ნათელი გამოვლინება იქნება ხელისუფლების მიმართ მათი დამოკიდებულების. ამ გზით მეტი ქართველი გაიაზრებს სტატუს კვოს ცვლილების აუცილებლობას და ოქტომბრის არჩევნებსაც მეტად გადამწყვეტი შედეგი ექნება.
ავტორი: ირაკლი მაჩაიძე




