აშშ-საქართველო

მიქანაძე აშშ-ს სანქციებზე: სამართლიანობისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე  ირაკლი კობახიძისა და აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრასა და აშშ-ს მხრიდან დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

"ხელისუფლების მხრიდან ეს პასუხი იყო იმ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც ჩვენ 2 დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაში მოვისმინეთ, სადაც 60-მდე [დასანქცირებულ] პირზე იყო საუბარი. ეს შემდეგ აშშ-ს საელჩომაც გაავრცელა. ეს არის სამართლიანობისგან აბსულუტურად დაცლილი გადაწყვეტილება [...]

ეს შეხვედრა იმისთვის იყო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და მარტივ, ზომიერ და დიპლომატიურ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი უკმაყოფილება გამოგვეხატა [...] ამ ეტაპზე, ეს შეხვედრა მიზნად მხოლოდ იმას ისახავდა, რომ ჩვენთვის ასეთი მიდგომა და გადაწყვეტილებები მიუღებელია. და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ვიმსჯელებთ იმაზე, ჩვენი მხრიდან ამას რა რეაგირება მოჰყვება". - ამბობს მიქანაძე.

გუშინ, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა". 

"[კობახიძემ] აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან  მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციისა გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.

კომენტარები