შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, 2025 წელს შვედეთის თავდაცვის ბიუჯეტი $1.3 მილაირდით გაიზრდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წელს სამხედრო ხარჯები მშპ-ს 2.4%-ს, ხოლო 2028 წლისთვის 2.6%-ს შეადგენს.
შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) 32-ე წევრი მიმდინარე წელს გახდა.
შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტენსონმა ცერემონიაზე თქვა, რომ მდგომარეობა რეგიონში ასეთი სერიოზული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და დაამატა, რომ NATO-ში გაწევრიანებით ორივე მხარის უსაფრთხოება უმჯობესდება.
"ჩვენ თავმდაბლები ვართ, მაგრამ ამაყებიც. ყველა მოლოდინს შევასრულებთ. ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობებსა და რისკებს ჩვენს სხვა მოკავშირეებთან". - თქვა კრისტერსონმა
აშშ-სთან და ევროკავშირის წევრებთან სამხედრო თანამშრომლობის მიუხედავად, შვედეთი დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ომში მონაწილეობა მე-19 საუკუნეში ნაპოლეონური ომების შემდეგ არ მიუღია.
თუმცა, 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, შვედეთმა თავის მეზობელ ფინეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს მოაწერა ხელი.