15 სექტემბერს რუსეთის მიერ ხარკოვში ჩამოგდებული ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვიც.
მომხდარს X-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს. მან ასევე დაბომბვის ამსახველი სურათი გაავრცელა, რომელშიც დაზიანებული საცხოვრებელი შენობა ჩანს.
"საავიაციო ბომბებით რუსული იერიშის შემდეგ, ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვეულებრივი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მე-9 და მე-12 სართულებს შორის ხანძარი და ნანგრევებია". - წერს ზელენსკი.
მან დაამატა, რომ "მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და ათეულობით მართვადი საავიაციო ბომბების წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვაში, რაც ყოველ დღე უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს. ეს ტერორი უნდა შეჩერდეს".





