"ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის" - ასე ეხმაურება ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას.
"ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
მან და ქართულმა ოცნებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.
ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით"- წერია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები" - თქვა ივანიშვილმა.





