არჩევნები 2024

ცესკო: ტრენინგებზე დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები, რაც ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურება

ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე, რომელიც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება, ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.

ხელის შეშლის მცდელობები ჰქონდათ ჩართულ მხარეებსაც და ზოგიერთ არაუფლებამოსილ პირსაც, რაც, ცესკოს თქმით, პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

"დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. სამწუხაროდ აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები.

საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს. რა თქმა უნდა, პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს ტრენინგის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე.

ამ შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი და დღეს დაწყებულ ტრენინგების პროცესს აკვირდებიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას. ამასთან დღეს მომხდარი რამდენიმე ინცინდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი". - წერია ცესკოს განცხადებაში. 

კომენტარები