შვედეთის საელჩო ევოლუშენ ჯორჯიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შვედეთი მხარს უჭერს დასაქმებულთათვის ღირსეულ სამუშაო პირობებს და შვედური კომპანიებისგანაც სწორედ ამისი მოლოდინია.
"საელჩო ევოლუშენ ჯორჯიას ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის საქმის კურსშია და იაზრებს, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული ჩვენი პოსტი კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ მიმოვიხილეთ კომენტარები და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა დასაქმებულისთვის ღირსეულ სამუშაო პირობების უფლებას.
საქართველოში მოქმედი ყველა შვედური კომპანიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დაემორჩილებიან შესაბამის კანონებას და რეგულაციებს, ასევე, ყველა წარმოშობილი პრობლემა საუკეთესო გზებით უნდა გადაიჭრას. საქართველოში შვედური კომპანიების შესახებ სერიები გაგრძელდება. დარჩით ჩართულები, რათა გაიგოთ უფრო მეტი რეგიონში შვედური ბიზნესების აქტივობებისა და კონტრიბუციების შესახებ" – წერია განცხადებაში.
12 სექტემბერს, შვედეთის საელჩომ, საქართველოში მოქმედი შვედური ბიზნესის შესახებ სერიების ფარგლებში, ევოლუშენ ჯორჯიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
საელჩოს განცხადების მიხედვით, კომპანია მოქმედებს ფასეულობებით, როგორიცაა – მდგრადობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი და მხარში მდგომი სამუშაო გარემო.
აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან 2 თვის წინ, ივლისში ევოლუშენ ჯორჯიაში თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კი მოუწოდა კომპანიას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დასაქმებულებთან კონსენსუსის მისაღწევად.
მიუხედავად ამისა, 10 აგვისტოს, ევოლუშენ ჯორჯიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ კომპანია შემცირების პროცესს იწყებს და სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევოლუშენმა მათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე გაავრცელა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შემცირების გადაწყვეტილება "განგრძობითი ზარალის" გამო მიიღეს, რაც მათივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების ქმედებებმა გამოიწვია.





