ევოლუშენ ჯორჯია შემცირების პროცესს იწყებს და სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევოლუშენმა მათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე გაავრცელა.
"სამწუხაროდ, ერთ-ერთი ადგილობრივი პროფკავშირის წამოწყებული ბოლოდროინდელი არამართლზომიერი აქტივობების გამო, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა და ჩვენი კომპანიის ბიზნეს პარტნიორები დაზარალდნენ, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება აღარ სურს. ამ სამწუხარო ვითარებამ ევოლუშენი აიძულა, თბილისში საკუთარი წარმომადგენლობისთვის გადაეხედა. შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და შედეგად, ევოლუშენი შემცირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოს სტუდიის საოპერაციო სამუშაო ძალა 1 000 როლით შეამციროს.
ევოლუშენი ბიზნეს პარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და სანამ პროფკავშირის მიერ ინიცირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანის შეფასება არ დასრულდება. ეს სამწუხარო გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო. აღნიშნული პროფკავშირის არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია და საქართველოს სტუდიაზე ამ ქმედებების ნეგატიური გავლენებითაა გამოწვეული". - წერია ევოლუშენის განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შემცირების გადაწყვეტილება "განგრძობითი ზარალის" გამო მიიღეს, რაც მათივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების ქმედებებმა გამოიწვია.
"არის საკითხები, რომელიც შეგვეძლო უკეთესად გაგვეკეთებინა და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ფოკუსირებასა და მათ გაუმჯობესებას მომავალში. ძალიან ვწუხვართ, რომ კონკრეტული ადამიანების მცირე ჯგუფის ქმედებებს მრავალ სხვა ადამიანზე სამწუხარო გავლენა ექნება.
აქვე, გვინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ევოლუშენი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის უფლებას გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ევოლუშენი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ყველა მოქმედი კანონი და პროცედურა საქართველოში და, შესაბამისად, მოელის, რომ ყველა ინდივიდი თუ ორგანიზაცია იგივეს გააკეთებს. გარდა ამისა, ევოლუშენი მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განიხილავს რაიმე საპროტესტო ქმედებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკუთარი ან სხვების ჯანმრთელობას, არ დააყენოს საკუთარი თავი ან სხვები ფიზიკური ან ემოციური ზიანის რისკის ქვეშ.
საქართველოში ევოლუშენის სტუდიის სამუშაო ძალის შემცირების გადაწყვეტილება იმ განგრძობითი ზარალის გამო მივიღეთ, რაც კანონსაწინააღმდეგო ბლოკადის შედეგად ევოლუშენის ბიზნეს პარტნიორებს მიადგათ და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა". - წერია კომპანიის განცხადებაში.
ევოლუშენ ჯორჯიაში თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები უწყვეტ პროტესტს მიმართავენ და უკვე 29-ე დღეა, კომპანიის შენობის შესასვლელთან აქციას მართავენ.





