არჩევნები 2024

კალანდარიშვილი: TV პირველთან თანამშრომლობის გადახედვა არ გულისხმობს აკრედიტაციის გაუქმებას

ცესკო

"თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს TV პირველის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას" - ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის შეკითხვას პასუხობს. 

"ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

[...] ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება  საშუალება გააშუქოს საარჩევნო პროცესი" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კალანდარიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლაში, მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა. 

კალანდარიშვილმა თქვა, რომ მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან ადმინისტრაციის წარმოადგენლებთან კომუნიკაციისას კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გადახედავენ თანამშრომლობის საკითხს. 

კალანდარიშვილის განცხადების პასუხად, ნოდარ მელაძემ მოითხოვა ჩანაწერის მკაფიო განმარტება, თუ რას ნიშნავდა თანამშრომლობის გადახედვა. 

"საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედვას მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას. ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბენბზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ" - თქვა მელაძემ. 

კომენტარები