არჩევნები 2024

მელაძე: ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას რეალურ მუქარად აღვიქვამთ

"ჩვენ აღგვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად" - TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. კალანდარიშვილი ტელეკომპანიის ჟურნალისტს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლასა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს. 

კალანდარიშვილი ამბობს, რომ მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან ადმინისტრაციის წარმოადგენლებთან კომუნიკაციისას კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გადახედავენ თანამშრომლობის საკითხს

"საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედვას მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას. ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბენბზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ. 

ჩვენ აღგვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშივლმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, ამავე პარტიის კონტროლის ქვეს მყოფი, სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. რაც მანამდე არა ერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს" - თქვა მელაძემ. 

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ეს არ არის TV პირველის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა. 

"პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე
სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია TV პირველის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.

[...] მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა" - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე.

კომენტარები