მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო ხარჯებისთვის დამატებით 4 მილიონი გამოუყო - ამის შესახებ პრემიერმინისტრის 9 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში წერია.
განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოუყოფს 11 500 000 ლარს, რის შემდეგაც სააგენტოს თანხის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებული გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისთვის გადარიცხვა ევალება.
2024 წლის 18 მარტს გამოცემული პრემიერმინისტრის განკარგულების მიხედვით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დაფინანსება 7 500 000 ლარით იყო განსაზღვრული.
2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.
ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.





