გელათის რეაბილიტაცია

გარემოებების გამო დაგეგმილი სამუშაოების დრო გაიზარდა - გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თქმით, გელათის ტაძრის გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ტაძრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოების წარმოების დრო გაიზარდა. 

აქამდე გელათის ტაძარი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაიკეტა

კომიტეტის შეფასებით, ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, საჭირო გახდა მიმდინარე სამუშაო პროცესებში ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია მათ გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე.  

"ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან.

შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა". - წერია განცხადებაში

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გელათის კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია, თუმცა ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებით, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე გელათის მონასტერი დახურულ რეჟიმში რჩება.

კომენტარები