მოქალაქე ლექსო სამხარაძეს, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, სასამართლომ 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამხარაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონისთვის საბოლოოდ ხმის მიცემის შემდეგ, მოქალაქე ლექსო სამხარაძე მანქანაში მსხდარ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის შენობა სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს, აგინებდა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტის ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.