გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება - ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო.
„მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, თქვენი ჩართულობით მოვახდინოთ მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ასევე, ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს; გავაუმჯობესოთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები” - თქვა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.





