ბელარუსი

ლუკაშენკომ ბოლო სამ თვეში 78 პოლიტპატიმარი შეიწყალა, 200-ზე მეტი დააპატიმრა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ლადოგის ტბაში, ვალამის კუნძულზე მდებარე სპასო-პრეობრაჟენსკის ვალამის მონასტერში სტუმრობისას. სანთლით ხელში. 2024 წლის 25 ივლისი
Alexander Kazakov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 4 სექტემბერს 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა, რომლებსაც როგორც ამას ლუკაშენკოს პრესსამსახური წერს, ბრალი "პროტესტთან დაკავშირებულ დანაშაულებში" მიუძღოდათ. 

ჯამში, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში ლუკაშენკომ 78 პოლიტპატიმარი შეიწყალა (ივლისში - 18, აგვისტოში - 30, სექტემბერში - 30), თუმცა საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ 200-ზე მეტი მოქალაქე დააპატიმრა. 

შეწყალებული პოლიტპატიმრების სახელებსა და გვარებს პრესსამსახური არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია, რომ 30-დან 7 ქალია, 23 კაცი. 

"შეწყალებულებმა აღიარეს თავიანთ დანაშაული, გულწრფელად მოინანიეს და პირობა დადეს, რომ კანონმორჩილ ცხოვრებას გააგრძელებენ" - ნათქვამია პრესრელიზში. 

ამ დრომდე ბელარუსის ციხეებში დაახლოებით 1400-მდე პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიცკი და პოლონური გამოცემის ჟურნალისტი ანდრეი პოცობუტი, რომლის გამოხსნასაც პოლონეთი ცდილობს. 

ბელარუსში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის, Вясна-ს ინფორმაციით, სულ მცირე, 6 პოლიტპატიმარი გარდაცვლილა ბელარუსის ციხეში. 

2020 წელს, ბელარუსი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მეექვსედ გამოაცხადა. არჩევნების შედეგებს დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ. Вясна-ზე დაყრდნობით, საპროტესტო აქციების შემდეგ რეჟიმმა დაახლოებით 65,000 ადამიანი დააპატიმრა, ასეულობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. 

კომენტარები