ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე არ მალავს, რომ ეკლესიის როლის განსაზღვრაზე ინიციატივა არჩევნებს უკავშირდება.
"როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერება, გამყარება და განმტკიცება კონსტიტუციაში ეს არის ეროვნული ამოცანა და გვეკითხებიან - არჩევნებს უკავშირდება?! - დიახ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ.
[...] ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული, ისე ამბობენ, თითქოს ვმალავდეთ. დიახ, არჩევნებთან არის დაკავშირებული, რადგან ხალხს ვეუბნებით, რომ მოგვეცით მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ეს გავაკეთოთ" - ამბობს მდინარაძე.
ოპოზიცონერი პოლიტიკოსების შეფასებებით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მართლმადიდებლობის სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებული შეთავაზება ეკლესიას წინასაარჩევნოდ გაუკეთა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლთან დაკავშირებული კონსტიტუციური ჩანაწერის შეთავაზება წინასაარჩევნო თემაა, რათა ოცნებას პოლიტიკური დივიდენდები მიეღო.
მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიმართოს. მისი თქმით, ეს ეკლესიას დაიცავს ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით კი, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის რწმენის სადარაჯოზე იდგება და მთავრობასთან წინასაარჩევნო გარიგებებზე უარს იტყვის.
არჩევნებამდე 2 თვით ადრე ივანიშვილის რეჟიმმა ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, თუმცა ეკლესიისგან უარი მიიღო.
უარის შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია წინასაარჩევნო გზავნილზე შეთანხმდნენ: საქართველოს კონსტიტუციაში არსებული სიმბოლური ჩანაწერი ეკლესიის შესახებ უნდა შეივსოს. როგორც პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარი შეეხება სიმბოლურ დანამატს.
"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი - ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან [...] აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში". თქვა ზვიადაძემ.
პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.
„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება "თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი.





