კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლთან დაკავშირებული კონსტიტუციური ჩანაწერის შეთავაზება წინასაარჩევნო თემაა, რათა ოცნებას პოლიტიკური დივიდენდები მიეღო.
როგორც ჯაფარიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, ამ თემასთან დაკავშირებით "ჩვეულებრივი ვაჭრობა გაიმართა", რადგან ოცნებას უნდა წინასაარჩევნოდ საპატრიარქომ მხარი დაუჭიროს.
"გასაგებია, რომ წინასაარჩევნო თემაა, ივანიშვილმა და ოცნებამ გადაწყვიტეს, რომ ეს თემა გამოეყენებინათ სხვა თემებთან ერთად იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ, რადგან, ტრადიციულად, პატრიარქის რეიტინგი არის ამ ქვეყანაში ძალიან მაღალი.
პირველ ჯერზე რაც გაისროლეს, სახელმწიფო რელიგიის სტატუსს მივანიჭებთო, როგორც ჩანს, შეთანხმებული არ ჰქონდათ საპატრიარქოსთან და იქიდან მიიღეს უარი. ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ვაჭრობა გაიმართა. ამათ უნდათ ამ თემის გამოყენება წინასაარჩევნოდ და არ უნდათ, რომ საპატრიარქოსგან საჯაროდ მიიღონ ამაზე დარტყმა, პირიქით, უნდათ საპატრიარქომ მხარი დაუჭიროთ" - თქვა ჯაფარიძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის თქმით, "საყრდენს" ჩაწერენ თუ არ ჩაწერენ, მაგით არაფერი იცვლება, კონსტიტუციაში ისედაც წერია, რომ განსაკუთრებული როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას.
"ამაზე საუბრობენ და სტანდარტულად, იქნება წინასაარჩევნო ვაჭრობა, რომლის მსგავსიც გვინახავს ამ ქვეყანაში არაერთხელ, არაერთი ხელისუფლების დროს. შესაბამისად, რაღაც ტიპის ფორმულირებაზე შეთანხმებაზე საუბარი, რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს, წერია ისედაც კონსტიტუციაში, მაგრამ ესენი ამ თემას გამოიყენებენ, სამაგიეროდ საპატრიარქო არ დაარტყამთ საჯაროდ, და ალბათ ვნახავთ სანაცვლოდ უახლოეს დღეებში ან კვირებში, საპატრიარქო მიიღებს რაღაცებს საჩუქრად, მეტწილად, ალბათ, ეს იქნება ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრება, რომელიც არის სახელმწიფოზე გაფორმებული - მიწები, ტყეები, დაფინანსება ბიუჯეტიდან ან რამე სხვა.
"საყრდენს" ჩაწერენ თუ არ ჩაწერენ, მაგით არაფერი იცვლება, კონსტიტუციაში ისედაც წერია, რომ განსაკუთრებული როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. მაგაზე დაყრდნობით ისედაც არსებობს შეთანხმება, ე.წ. კონკორდატი, სადაც გაწერილი არის პრივილეგიები მართლმადიდებელი ეკლესიისა უამრავ სხვადასხვა კანონში. რაც არის სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქვეყნისთვის ჯამში" - ამბობს ჯაფარიძე.
არჩევნებამდე 2 თვით ადრე ივანიშვილის რეჟიმმა ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, თუმცა ეკლესიისგან უარი მიიღო.
უარის შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია წინასაარჩევნო გზავნილზე შეთანხმდნენ: საქართველოს კონსტიტუციაში არსებული სიმბოლური ჩანაწერი ეკლესიის შესახებ უნდა შეივსოს. როგორც პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარი შეეხება სიმბოლურ დანამატს.
"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი - ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან [...] აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში". თქვა ზვიადაძემ.
პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.
„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება "თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი.





