რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ლვოვი დაბომბა, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი, დაშავდა 64

Volodymyr Zelenskyy/X

4 სექტემბერს, გამთენიისას რუსეთმა ლვოვზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო დაშავდა 64. 

დაღუპულებს შორის არიან 9 და 14 წლის გოგონები, ერთი მცირეწლოვანი, 50 წლის ექთანი, ზრდასრული მამაკაცი. 

ლვოვის მერის, ანდრიი სადოვის ცნობით, იერიშს ემსხვერპლა ერთი ოჯახის 4 წევრი: დედა, იევჰენია ბაზილიევიჩი და მისი 3 ქალიშვილი, იარინა, ემილია და დარინა. იარინა 21 წლის იყო, ხოლო ემილია და დარინა მცირეწლოვნები. ისინი საკუთარ სახლში დაიღუპნენ. თავდასხმას მხოლოდ მამა გადაურჩა. 

"ევროპის ცენტრში რუსეთი უკრაინელების მთლიან ოჯახებს ანადგურებს. რუსები ჩვენს შვილებს კლავენ, ჩვენს მომავალს. არ ვიცი, რა სიტყვები გამოვიყენო, რომ თანავუგრძნო ოჯახის მამას, იაროსლავს. ჩვენ დღეს ყველა შენ გვერდით ვართ. გულწრფელად გისამძიმრებთ" - წერს სადოვი Telegram-ზე და ოჯახის ფოტოს აქვეყნებს. 

ლვოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დაჭრილებს შორის არიან 7 ბავშვი, მათ შორის, 10 წლის ბიჭი. საავადმყოფოში გადაყვანილი 47 ადამიანიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 

თავდასხმის შედეგად დაზიანდა 50 შენობა, მათ შორის, 3 სკოლა და ხელოვნების ცენტრი. უკრაინაში სასწავლო წელი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 

დაზიანდა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, UNESCO-ს ბუფერულ ზონაში არსებული ისტორიული მნიშვნელობის 7 არქიტექტურული ნიმუში. 

კომენტარები