რუსეთი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ამურის ვეფხვის დაცვის ელჩი გახდა

ვლადიმირ პუტინი და კარინ კნაისლი კნაისლის ქორწილში

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლი რუსეთში ამურის ვეფხვის დაცვის ელჩი გახდა და ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ ამურის ვეფხვის დაცვის ცენტრს საერთაშორისო საკითხებშიც დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости ამურის ვეფხვის ცენტრის გენერალურ დირექტორზე, სერგეი არამილევზე დაყრდნობით ავრცელებს

არამილევის თქმით, კნაისლმა 2022 წლის სექტემბერში სურვილი გამოთქვა ამურის ვეფხვის აყვანის შესახებ, ხოლო 2023 წლის თებერვალში კნაისლმა 9 ფოტო-ხაფანგი რუსეთში, პრიმორიეში მდებარე ლაზოვსკის ნაკრძალისთვის შეიძინა. 

ცნობისთვის, კარინ კნაისლი პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ჯერ კიდევ 2018 წელს, ავსტრიის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ქორწილში მიიწვია და მასთან ერთად საცეკვაო ნომერიც შეასრულა. 2023 წელს BBC-სთან ინტერვიუში კნაისლმა თქვა, რომ ის ვლადიმირ პუტინთან ვალსის ცეკვას არ ნანობს და შანსი, რომ მისცემოდა, კვლავ გაიმეორებდა.  

2023 წელს კნაისლი რუსეთში საცხოვრებლად გადავიდა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა. 

მანამდე, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წელს კარინ კნაისლი რუსული ნავთობ-კომპანიის გიგანტის Росне́фть-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად დანიშნეს. მან თანამდებობა 2022 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც ევროპარლამენტმა რუსულ მსხვილ კომპანიებში დასაქმებულ ევროპელების წინააღმდეგ რეზოლუცია გამოსცა. 

კნაისლი თანამშრომლობს რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედია RT-სთან, რომლისთვისაც იგი რუსული პროპაგანდით განმსჭვალულ პოლიტიკურ მიმოხილვებს დღემდე წერს. 

კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2017-2019 წლებში იკავებდა. 

კომენტარები