არჩევნები 2024

არ შემიძლია რამის გადაწყვეტილად დადასტურება - ჩიხრაძე მარგველაშვილთან გაერთიანებაზე

"წინ მხოლოდ გამარჯვებაა. #ერთად" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ლელოს გენერალურმა მდივანმა ფოტო, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დგას. 3 სექტემბერი, 2024 წელი
ფოტო: ირაკლი კუპრაძე

ძლიერი საქართველოსა და ლელოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა ძალისთვის "უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება", თუმცა ამ დროისთვის მას ყოფილ პრეზიდენტთან გაერთიანების შესახებ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია.

გადაცემა რეაქციაში მარგველაშვილთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბარი ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც ლელოს ლიდერებთან ერთად გიორგი მარგველაშვილიც დგას.

"გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის იყო და ამ პროცესშიც [არჩევნებამდე პერიოდი და არჩევნები] უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის, იქნება ძალიან აქტიურად ჩართული - ამას ჩემი განაცხადიც არ ჭირდება, ეს ყოველთვის ასე იყო. რა და როგორი ფორმით იქნება ეს, რა ნაბიჯებს გადადგამს თვითონ, ამის თაობაზე ალბათ უფრო მოგვიანებით იქნება საუბარი. ის, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველა პოლიტიკური ძალისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, ესეც ძალიან ცხადია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ წუთში არ ვარ მე უფლებამოსილი, არ შემიძლია დავადასტურო რამე გადაწყვეტილად." - უპასუხა ჩიხრაძემ წამყვანის დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, მარგველაშვილთან პოლიტიკური და მეგობრული თანამშრომლობა აკავშირებით და ამაში "გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია."

"...ალბათ, დანარჩენს უახლეს ხანში გავიგებთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ კარი არ დაკეტილა ჩვენი - ძლიერი საქართველოს სახელით შემიძლია ვთქვა. გარკვეული მოლაპარაკებები, კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება - შეიძლება ვიღაც ჩვენთან ერთად იყოს, შეიძლება მხარდამჭერთა რანგში იყოს, შეიძლება ვიღაც პროცესის აქტიური მონაწილე იყოს. ყველაფერს ალბათ, არც თუ ისე დიდ დროში თავისი სახელი დაერქმევა." - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები