კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ის ერთ-ერთი სამართალდამცველი დაასახელა, ვინც, მისი თქმით, კანცელარიასთნ მასზე ფიზიკურად იძალადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია.
"მე ერთ-ერთი მათგანი გავარკვიე და მინდა, წარმოგიდგინოთ - ეს არის ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ზაქრო ჩოხელი იყო მათ შორის, ვინც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს. ის გავეშებული, მონდომებული გამორბის და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს.
ჩემო ზაქრო, შენ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინე, რომელიც დიდი ხნით ციხით ისჯება. ახლა კი ხელს გაფარებს პოლიცია და ალბათ, ამ უთმო თავზე ხელს გიტყაპუნებს, რა კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მინდა, დაგარწმუნო, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ეს 26 ოქტომბერს მოხდება, სამართლისა და კანონის წინაშე მკაცრად პასუხისგება მოგიწევს". - თქვა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამბობს, რომ იმ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება მას ფიზიკურად პოლიციელი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწვდის, თუმცა, აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
"დაახლოებით 5 თვის წინ, 17 აპრილს, კანცელარიასთან, სადღაც 15-20 პოლიციელი თავს დამესხა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება - ისეთი, ფეხათრეული და წელათრეული და მე-5 თვეა, ერთი მხრივ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მეორე მხრივ, შსს იძახის, რომ ვერაფრით დავადგინეთ, ვინ იყვნენ ის მოქმედი პოლიციელები, ვინც თქვენ წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენო. არადა, TV პირველზე გავიდა ექსკლუზიური კადრები, სადაც არაერთი პოლიციელი ჩანს სახეზე". - ამბობს ელისაშვილი.
ელისაშვილი 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა.