საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან, 2016 წლიდან დღემდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.
TI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიზნესპარტნიორების ალადაშვილისა და სერგო შუღაროვის მფლობელობაში რამდენიმე კომპანიაა. ორივე მათგანი მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ალადაშვილის და შუღაროვის კომპანიებმა 2016-2024 წლებში 23.163 079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17.532 665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს.
მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს.
ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მიმართავს:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები".