არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
"მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.
მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა" - წერია ორგანიზაციების მიმართვაში.
"საქართველოს პარლამენტთთან სხვა უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზეა გადაყვანილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ედუარდი და სხვა დაკავებული უფლებადამცველები". - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.
გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ასევე, ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.