არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატია (EECMD) ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას პასუხობს და წერს, რომ დემოკრატიის ფესტივალზე სახელისუფლებო პარტიაც იყო მიწვეული, თუმცა ქართულმა ოცნებამ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამასთან, EECMD მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადებები მათ საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა და ხელს უშლის მოსახლეობის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენ წინააღმდეგ აგორებულ უწყვეტ ნეგატიურ კამპანიასა და იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც, მათ შორის, დღეს, 27 აგვისტოს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე გაკეთდა. აღნიშნული განცხადება ემსახურება "რუსული კანონის" სულისკვეთებას, არ შეესაბამება სიმართლეს და არის სახალხო "დემოკრატიის ფესტივალებზე" პირდაპირი თავდასხმა.
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე საპასუხოდ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ფესტივალზე მოიწვია, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე სახელისუფლებო პარტია. ქართულმა ოცნებამ საჯაროდ არაერთგზის განაცხადა უარი "დემოკრატიის ფესტივალში" მონაწილეობაზე. ჯამში, ორგანიზაციამ 18 პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაცია და ასობით მცირე მეწარმე მოიწვია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიის ფესტივალის ინკლუზიურობას და ააშკარავებს ბრალდების რეალურ მხარეს - ხელი შეუშალოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროცესებს!
მეტიც, ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები აღმოჩნდა ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, არ გაეცათ ნებართვები დემოკრატიის ფესტივალების ჩასატარებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიერ განხორციელებულმა ნეგატიურმა კამპანიამ იმოქმედა ბიზნეს სექტორზეც და კერძო დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ სახალხო ღონისძიების მასპინძლობაზე. აღნიშნულმა ხელი შეუშალა ბათუმისა და თბილისის მაცხოვრებლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ერთად აღენიშნათ დემოკრატიული ღონისძიება.
გარდა იმისა, რომ მმართველი პარტიის განცხადებები პირდაპირი ჩარევაა EECMD-ს საქმიანობაში ის, ასევე, ხელს უშლის მოსახლეობის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ განხორციელებული ნეგატიური კამპანია და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ მმართველი პარტიისთვის "დემოკრატიის ფესტივალები" შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საფრთხეს". - წერია EECMD-ის განცხადებაში.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
საქართველოში გამართულ დემოკრატიის ფესტივალს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "ავტორიტარიზმის ფესტივალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ფესტივალს საქართველოში "პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები".





