ისლანდია

ისლანდიაში ყინულოვანი გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 დაკარგულია

ფოტო: Arterra/alimdi/imageBROKER/picture alliance

25 აგვისტოს ისლანდიაში ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად 25 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან 4 ადამიანი ნანგრევებში მოექცა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 მძიმედ დაშავდა, ხოლო 2 ამ დრომდე დაკარგულია.

ინციდენტის დროს 25 კაციანი ჯგუფი გიდთან ერთად ბრეიდამერკურჯოკულის (Breidamerkurjokull) მყინვარს ათვალიერებდა. მყინვარი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პოპულარული ტურისტული ადგილია.

"4 ადამიანი ყინულის ქვეშ გაიჭედა. ორი ადამიანი, რომელიც მძიმედაა დაშავებული, ყინულის ნანგრევებიდან გამოიყვანეს".- წერს სუდურლანდის პოლიცია.

"ყინულის გამოქვაბულში დარჩენილი ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვის ორი ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციები უკიდურესად მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა.

კომენტარები