ისლანდია

ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

Civil Protection of Iceland/REUTERS

18 დეკემბრის ღამეს ისლანდიის სამხრეთდასავლეთში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაცია ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა გაავრცელა. ვულკანი ღამის 10-დან 11 საათამდე ამოიფრქვა, რასაც წინ უსწრებდა მიწისძვრის მცირე ბიძგები 18 დეკემბრის ღამის 9 საათზე. 

ამოფრქვევა მეთევზეების ქალაქ გრინდავიკიდან სულ რაღაც 1.8 კილომეტრში მოხდა. ვულკანის ამოფრქვევას ისლანდიელები რამდენიმე კვირის მანძილზე ელოდებოდნენ, რადგან მეტეოროლოგებმა წინასწარ დააფიქსირეს ვულკანის ამოფრქვევის საწყისი პროცესები.

"ამოფრქვეული მაგმის დინების მოცულობა თითო წამში დაახლოებით ასი კუბური მეტრია, შესაძლოა მეტიც. შესაბამისად, ეს მინიმუმ ამ არეალში დიდ ამოფრქვევად ჩაითვლება" - თქვა ისლანდიის სამოქალაქო დაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა ვიდირ რეინისონმა. 

ვულკანური ამოფრქვევები ისლანდიისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ისლანდია ვულკანურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და ამოფრქვევა ყოველ 4-5 წელში ხდება. 

კომენტარები