საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ლა-გრანდი-მოტეში სინაგოგასთან აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლება და პოლიცია შემთხვევას ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.
აფეთქების დროს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე სინაგოგაში 5 ადამიანი, მათ შორის რაბინი, იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან.
პოლიციის თქმით, აფეთქება ბეთ იააკოვის სინაგოგის გარეთ აალებულ ორი მანქანიდან ერთ-ერთში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
ქალაქის მერმა, სტეფან როსინიოლმა თქვა, რომ CCTV კამერებმა პიროვნება აღბეჭდეს, რომელმაც მანქანებს ცეცხლი წაუკიდა.
France 24 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღბეჭდილ პიროვნებას პალესტინის დროშა ჰქონდა შემოხვეული და, სავარაუდოდ, 9მმ კალიბრის პისტოლეტით იყო შეიარაღებული.
საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა თქვა, რომ საქმის გამოძიება ანტიტერორისტული განხრის პროკურორებს დაევალათ.
„ლა-გრანდი-მოტოს სინაგოგა დღეს დილით თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს ანტისემიტური აქტია. ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეები მიზანში კიდევ ერთხელ ამოიღეს“. - დაწერა ატალიმ X-ზე.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ ებრაელთა თავშეყრის ადგილებში პოლიციის დაცვა გაძლიერდება.
მანამდე, დარმანენმა თქვა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში 887 ანტისემიტური აქტი აღრიცხეს, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მეტია.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ანტისემიტური შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა.





