არჩევნები 2024

კობახიძე: 2024 წელს უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა პოლიტიკაში

მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო, ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის არჩევნების ტოლფასი დატვირთვა. 2012 წელს ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ დავასრულეთ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში. 2024 წელს ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა პოლიტიკაში. 

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! ნაცმოძრაობის გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.

26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, ქართული ოცნების ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს.

კომენტარები