ავსტრალიაში სასამართლომ კულტის წევრ ქალს, რომელმაც 2-წლის შვილი ყოველდღიური საქმეების სათანადოდ ვერ შესრულების გამო ცემით მოკლა, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2 წლის ტილი კრეიგი ე.წ. ღმერთის სამინისტროს ფერმიდან 1987 წელს გაუჩინარდა, ბავშვის მამას, ჯერარდ სტენჰოუფს კი უთხრეს, რომ მისი გოგონა გააშვილეს. სტენჰოუფი საკუთარ შვილს 35 წლის განმავლობაში ეძებდა.
რეალურად კი ტილი კრეიგი საკუთარმა დედამ, ელენ რეიჩელ კრეიგმა პლასტმასის მილით სიკვდილამდე სცემა, შემდეგ კი გარდაცვლილი ბავშვის გვამი სექტის ლიდერმა დაწვა და მისი ფერფლი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე ფერმის შემოგარენში მოაბნია.
ელენ კრეიგი სამართალდამცველებმა ანონიმური წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 2022 წელს, მკვლელობიდან 35 წლის შემდეგ დააკავეს. 62 წლის ქალი თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდა, თუმცა, საბოლოოდ, სასჯელის შემცირების მიზნით მან დანაშაული აღიარა.
სასჯელის გამოცხადებისას, მოსამართლე ნატალი ადამსმა აღნიშნა, რომ ელენ კრეიგის მიზანი შვილისთვის სერიოზული ზიანის მიყენება არ ყოფილა და დანაშაულის ჩადენის დროს ის კულტის ლიდერის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტილის მკვლელობის ტრაგედიად შეფასება დანაშაულის სიმძიმის "საშინლად შემცირება" იქნებოდა.
სასამართლოში გაჟღერებული ფაქტების მიხედვით, კულტში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს, ასაკის მიუხედავად, ყოველდღიურად რუტინული სამუშაოების შესრულება ევალებოდათ და სამუშაოს სათანადოდ ვერ შესრულების შემთხვევაში მათ პლასტმასის მილით სცემდნენ.
როგორც ელენ კრეიგმა სასამართლოში აღნიშნა, როდესაც მიხვდა, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა მან ის აბაზანაში ჩააწვინა და კულტის ლიდერის, ალექსანდრ უილონის დაბრუნებას დაელოდა, რომელმაც დაბრუნების შემდეგ ბავშვის გასაცოცხლებლად უშედეგოდ ილოცა, შემდეგ კი მისი სხეული დაწვა და სექტის წევრებს მომხდარზე საუბარი აუკრძალა.
ალექსანდრ უილონს თავდაპირველად ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებოდა, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას ამ საქმისგან დამოუკიდებელი, სექსუალური ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, თუმცა, უილონი ამჟამად სასიკვდილო დაავადებას და მენტალურ პრობლემებს ებრძვის და სასამართლომ ის პროცესზე გამოცხადებისთვის შეუსაბამოდ შეაფასა.
ელენ კრეიგმა სასამართლო პროცესის დროს თქვა, რომ ჩადენილ დანაშაულს საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებს და დაპატიმრებით "სიმშვიდე" მოიპოვა.
მოკლული ბავშვის მამამ, ჯერარდ სტენჰოუფმა კი აღნიშნა, რომ გასული 35 წელი საკუთარი შვილის ძებნაში გაატარა და ამ მიზნით კულტის ფერმაში რამდენჯერმე მივიდა, თუმცა, ბავშვის სიკვდილის შესახებ მხოლოდ ყოფილი პარტნიორის დაკავების შემდეგ გაიგო.
"წლების განმავლობაში ყოველდღე ვიღვიძებდი იმედით, რომ მას ვიპოვიდი და შემდეგ საწოლში განადგურებული ვწვებოდი, რადგან მისი პოვნა ვერ შევძელი. მხოლოდ 30-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო". - თქვა სტენჰოუფმა.
ელენ კრეიგს სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა და მას შეწყალების მოთხოვნის უფლება 6 წლის განმავლობაში არ ქნება.