ეროვნული ნაკრები

7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება იქნება – კალაძე

7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმდინარეობისას რესპუბლიკის მოედანზე იქნება მატჩის ღია ჩვენება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ. მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან, თითქოს, მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ არ არსებობს მთავრობის პოლიტიკური ნება. 

მე არ შევალ დეტალებში და არ გავაკეთებ რაიმე ტიპის განცხადებას სპეკულაციებზე. მე ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც შეუძლია რაიმე ტიპის ანალიზის გაკეთება, აქვს აზროვნების შესაძლებლობა, ყველაფერს კარგად ხედავს და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. 

[...] ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაპირებთ რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ ღია ჩვენება 7 სექტემბერს, საღამოს. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს" - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდება დიდი ეკრანი და განთავსდება კვების ობიექტებიც. 

უეფას ერთა ლიგის შეხვედრები დინამო არენას ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის მაქსიმალური ტევადობაც 27 223-ია, რაც ბევრად ჩამორჩება დინამო არენას თუნდაც მხოლოდ მეორე იარუსის ტევადობას. 7 სექტემბრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები ერთ საათში სრულად გაიყიდა. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ დინამო არენა სრული ტევადობით ვერ აძლევთ სტადიონს, მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება კი "არასერიოზულია".

დინამო არენას დირექტორის 6 ავისტოს გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მზადაა, უეფას ერთა ლიგის მატჩები ჩაატაროს და 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს. თემურ პირტახია ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობდა. რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12 995 მაყურებელს იტევს, დინამო არენას დირექტორი წერს, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს. 

7  სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. 

კომენტარები