შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი. უწყების ცნობით, ამ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, 6 ადამიანი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს, 13 პირი კი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე.
"პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, "მეპამფეტამინი",„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები". - წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





