ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის პოლიცია და შინ ბეთი თელ-ავივში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ირანის კვალს იძიებს

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის უშიშროების სამსახური შინ ბეთი და პოლიცია იძიებენ შესაძლებლობას, რომ 18 აგვისტოს თელ-ავივში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობასთან ირანი და მისი ლიბანური მარიონეტული დაჯგუფება ჰეზბოლა არიან კავშირში.

თელ-ავივში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც თვითმკვლელ ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანთით გადაჰქონდა. შედეგად ტერორისტი დაიღუპა, ხოლო ერთი გამვლელი მსუბუქად დაიჭრა.

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მომდევნო დღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. გავრცელებულ განცხადებაში ტერორისტული დაჯგუფება ამბობს, რომ თავდასხმა პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან ერთად მოაწყვეს და იმუქრება, რომ ისრაელის იერიშების საპასუხოდ ისრაელში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები გაგრძელდება.

თუმცა, Channel 12-ისა და Kan-ის ინფორმაციით, პოლიციისა და შინ ბეთის სამსახურის ვარაუდით, თავდამსხმელმა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს მცხოვრებია, შესაძლოა მითითებები ირანიდან ან ჰეზბოლადან მიიღო.

კომენტარები