კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო, არის, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას.
როგორც წულუკიანი ამბობს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED-ის) გავლით გარედან შემოსული თანხით დაფინანსდა "ფსევდო კვლევა", თითქოს ივანიშვილს რუსეთში განხორციელებული აქვს "სხვადასხვა ქმედებები".
"გარედან შემოსულმა თანხამ NED-ის გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, რომ, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს განხორციელებული რუსეთში სხვადასხვა ქმედებები. როდესაც ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა დაუპირისპირა ფაქტები, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არავითარ ფაქტს და არის ყალბი.
ამ ძალებს კი კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და არის, რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას" - თქვა წულუკიანმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NED) ბრალი დასდო უცხო ქვეყნებში ფერადი რევოლუციების გზით ხელისუფლებების დამხობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში.
აი, ფაქტის, OCCRP-ს, iStories -ს (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორის და საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
14 აგვისტოს ქართული ოცნების პრესსამსახურმა აღნიშნული გამოძიება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 1998 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს რუსეთში ქონება არ შეუძენია, ხოლო რუსეთში ქონების ფლობა, თავად ბიძინა ივანიშვილმა 11 წლის წინ გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
16 აგვისტოს, OCCRP ქართული ოცნების თავდასხმებს ორგანიზაციის მიერ ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრო-სახელისუფლებო ტელევიზიებმა და მედია ორგანიზაციებმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადეს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო.
OCCRP-ს 16 აგვისტოს განცხადებაში წერია, რომ "ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ მისი ქონების სიას 2021-2024 წლებში ახალი უძრავი ქონება შემატა". - საუბარია 2 მიწის ნაკვეთსა და 1 სახლზე პერედელკინოს უბანში 1 სახლზე.
"რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Aqua Space LLC, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ოჯახთან, საპროცენტო სარგებელს იღებს მრავალ მილიონ დოლარიანი მოკლე-ვადიანი დეპოზიტების განთავსებით Sberbank - ში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებულია მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა". - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანია Aqua Space LLC ასევე მართავს ივანიშვილების ოჯახის მთავარ საცხოვრებელ სახლს მოსკოვში, იღებს საიჯარო ქირას მოიჯარეებისგან და ურიცხავს საიჯარო თანხის უდიდეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს.





