გიორგი ანწუხელიძე

თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა

mod.gov.ge

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, დაბადების დღეზე, თუშეთში მისი მემორიალური სვეტი გაიხსნა. ის დღეს 40 წლის გახდებოდა. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას". - წერია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში. 

სამინისტროს პრესრელიზში ასევე წერია, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა და მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.

უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავდათ მოქცეული და მას კეფასა თუ ზურგზე ფეხებს რიგრიგობით ურტყამდნენ. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს. 

2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. 2018 წელს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი "გიორგი ანწუხელიძე" დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.

კომენტარები