გიორგი ანწუხელიძე

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

გიორგი ანწუხელიძე
Wikipedia

სოფელ თხინვალაში, მოსახლეობის თხოვნით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომელიც გასხვისდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და ამ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა.

"როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე, ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ". – ამბობს კახა კალაძე.


უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს. 

2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. 2018 წელს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი "გიორგი ანწუხელიძე" დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.

კომენტარები