ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები, ვისაც მსგავსი ფასეულობები აქვთ, მსგავსი ხედვა აქვთ საჯარო საკითხებზე, ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოზე და საზოგადო ამბებზე ერთიანდებოდნენ სამოქალაქო ან პოლიტიკურ პარტიაში, ამის გარეშე თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ვერ იარსებებს,
თან ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში - ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ დიდი შესაძლებლობა ისტორიული შანსი, რომ რუსული საბჭოთა ჭაობიდან გავაღწიოთ და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ისეთი, რასაც ჩვენი ისტორია და მომავალი იმსახურებს და ამავე დროს, გვაქვს საფრთხე, რომ რუსული რეჟიმის ხელში ეს შანსი ხელიდან გავუშვათ და თაობები გაიწიროს ჯოჯოხეთში ცხოვრებისთვის, როგორც ეს 1921 წლის შედეგად მოხდა და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ეს დავუშვათ.
ამისთვის საჭიროა, რომ აქტიური მოქალაქეები, ვისაც რწმენა აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის და თავისუფლების, გაერთიანდნენ პოლიტიკურ ერთეულებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი თანამოაზრე გვყავს, ბევრად მეტი, ვიდრე ამ დარბაზში იყო, ვისაც სჯერა იმისი, რომ მომავალი ეკუთვნის თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები ზრუნავენ მარტო საკუთარ თავზე ან საკუთარ ოჯახზე კი არა, არამედ საზოგადო საქმეზე.
ეს არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს, რწმენა იმისა, რომ ცალკე აღებული ადამიანი პასუხისმგებელია იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, სადაც თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე, სადაც სახელმწიფო დგას მოქალაქეების სამსახურში, სადაც კერძო საკუთრება, პერსონალური თავისუფლება და ამავე დროს პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების დაცვაზე ერთდროულად არსებობს, და ერთი მეორის გარეშე ვერ შენარჩუნდება.
ეს გვაერთიანებს ფედერალისტებს. ეს სახელიც არ არის ახალი სახელი ჩვენს ისტორიაში, შემთხვევით არ იყო, რომ გენერალ კვინიტაძის სიტყვები ვახსენეთ,
ეს მართლაც არის განუსაზღვრელი ასპექტი, როგორია ძალაუფლების ბუნება სახელმწიფოში. ფედერალიზმი არ არის მხოლოდ ტერიტორიული მოწყობის საკითხი, რადგან ბევრნაირი მოდელი შეიძლება არსებობს ფედერალიზმის შიგნით. ეს არის იდეა, სადაც ძალაუფლების კონცენტრაცია არის დაუშვებელი არამარტო ერთი ადამიანის, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის ხელშიც და სადაც ინსტიტუტები და საზოგადოება მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ ძალაუფლება იყოს გაწონასწორებული, ეს არის დღესაც ჩვენი გამოწვევა და ეს გვაერთიანებს, რწმენა ამის და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პოლიტიკური ერთეულის შექმნა.





