ხანძარი ზუგდიდში

ომბუდსმენი: სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia/Facebook

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვას და გარდაცვლილების ოჯახს, ახლობელბსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

განცხადებაში ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს იმ ოჯახების ინდივიდუალურ გამოწვევებს, სადაც ბავშვი ან ბავშვები არიან.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით." - წერს სახალხო დამცველი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში."


ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე 13 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი არასრულწლოვანი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები 2023 წლის 1 აპრილიდან ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე კი, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

 

კომენტარები