ხანძარი ზუგდიდში

სააგენტო ზუგდიდზე: ბავშვები დედასთან 2023 წლიდან ცხოვრობდნენ, მაქსიმალურად ვეხმარებოდით

ინტერპრესნიუსი

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანის დაღუპვას ეხმაურება და განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები 2023 წლის 1 აპრილიდან ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე კი, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

"რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება.

აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების  ქვეპროგრამაში" - წერს სააგენტო.

ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი არასრულწლოვანი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები