გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოდან წამოსული გუნდი ახალ პარტიას აუცილებლად დააფუძნებს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე კი პასუხი მოკლე დროში ექნებათ.
ამის შესახებ ბოკერიამ რადიოთავისუფლებასთან ისაუბრა.
"ნამდვილად ახალი პარტია შეიქმნება ამ გუნდის მიერ, ჩემი ცოდნა ასეთია - ვხედავ მათ გამოხმაურებებს, ჩემს და ევროპული საქართველოდან წამოსული სხვა ლიდერების დამოკიდებულებას. არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, ეს არის მთავარი საკითხი, სწორედ იმიტომ, რა ვადებზეც ვსაუბრობთ. ამ ნაწილზე პასუხი გვექნება მოკლე დროში." - თქვა მან.
კითხვაზე, ამ დროისთვის აქვთ თუ არა ვინმესთან მოლაპარაკებები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პასუხობს:
"ჯერ პოლიტიკური ერთეულის შექმნა უნდა მოხდეს. გვინდა, რომ ეს ერთობა, რომელიც ფაქტობრივად არსებობს, გაფორმდეს - აუცილებელი მგონია ამ არჩევნებისთვისაც კი არა, ზოგადად, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯგუფში არიან და ამის პარალელურად ფიქრი მიმდინარეობს, მაგრამ მოლაპარაკებები ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს. თუმცა, თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება სწრაფად, თუ იარსებებს თანხვედრები."
გადაცემის წამყვანმა ბოკერიას ასევე ჰკითხა, არსებობს თუ არა ფიქრი იმაზე, რომ "არა პოლიტიკური ძალა, არამედ ცალკეული ინდივიდები შეიძლება შეხვიდეთ რომელიმე გაერთიანებაში?"
"არა მგონია. იმის გამო, რაც ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთა, როდესაც ბლოკები აკრძალა, ამიტომ ფორმალურად ეს ისედაც ესე უნდა მომხდარიყო, თუ რაიმე გაერთიანება შედგებოდა, ერთი ერთეულის სამართლებრივი სახელი გახდებოდა ერთობის სახელი, ამიტომ ფორმალურად ეს ესე მოხდება, მაგრამ ფაქტობრივად განაცხადი ყველა შემთხვევაში გაკეთდება უახლოეს მომავალში ამ პოლიტიკური ერთეულის შექმნაზე და ამის შემდეგ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს მონაწილეობა არჩევნებში - პირდაპირ მონაწილეობა, თუ აქტიური კამპანია მოქალაქეების მოტივირებაზე, განსაკუთრებით ვინც ჩვენს შეხედულებებთან ახლოს არის, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და ისეთი ნება დააფიქსირონ, რაც ჩვენ გვგონია სწორი, ეს გაირკვევა რამდენიმე დღეში." - ამბობს გიგა ბოკერია.
1 აგვისტოს, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, ევროპული საქართველო დატოვეს. გიგა ბოკერიას განმარტებით, პარტიის გენერალური მდივნისთვის, აკაკი ბობოხიძისთვის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, გიგი წერეთლისთვის და პარტიის პოლიტსაბჭოში მათი მხარდამჭერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.
კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტეს და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა".





