საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

აფხაზ სეპარატისტებთან ერთად კურსკის ბრძოლებში ცხინვალელი სეპარატისტებიც მონაწილეობენ

ბატალიონი სარმეტის მეთაური, ზედმეტსახელად ჩე გევარა

კურსკში მიმდინარე ბრძოლებში აფხაზი სეპარატისტების ბრიგადა პიატნაშკასთან ერთად იბრძვის ოსური ბატალიონი სარმეტი, რომლის წევრებიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან არიან.

ჯგუფს ხელმძღვანელობს ვლადიმირ ნანიევი, ზედმეტსახელად ჩე გევარა, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. ის მარიონეტ ლიდერ ალან გაგლოევს ავდეევკის ოკუპაციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოებულიც ჰყავს.

სარმეტი შედის დონბასის ველურ დივიზიაში, რომელიც აფხაზმა სეპარატისტმა, ახრა ავიძბამ 2023 წელს ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკას ბაზაზე შექმნა. 

გასულ დღეს, 8 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სარმეტის კოლონის გადაადგილებაც ჩანდა.

https://t.me/batalyon15/4591

9 აგვისტოს გავრცელდა ცნობა რუსულ კოლონაზე უკრაინელების იერიშის შესახებ. დარტყმას ათეულობით რუსი სამხედრო ემსხვერპლა. ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვარაუდობდნენ, რომ ეს დონბასის ველური დივიზიის კოლონა იყო. ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სეპარატისტებისგან დაკომპლექტებულ ქვედანაყოფ შტორმ.ოსეტიაში ამბობენ, რომ თავდასხმის დროს პიატნაშკისა და სარმეტის ჯგუფები უკვე საბრძოლო მოქმედებების ზონებში იყვნენ და ეს კოლონა მათ არ ეკუთვნოდათ.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები