საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კურსკის ოლქში რუსულ კოლონაზე დარტყმის შედეგი ჩანს

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კურსკის ოლქში, რილსკის რაიონში მდებარე სოფელ ოქტიაბრსკოიეს მახლობლად რუსი სამხედროების კოლონაზე მიტანილი იერიშის შედეგი ჩანს. 

კადრების მიხედვით, დაღუპულია რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო. ვიდეოში ჩანს რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებიც ჯარისკაცების სხეულებითაა სავსე, რამდენიმე ავტომობილი კი თითქმის სრულად ფერფლადაა ქცეული. საერთო ჯამში, ვიდეოში 14 განადგურებული სატვირთო მანქანა ჩანს.

უკრაინელი ომის კორესპონდენტი, იური ბუტუსოვი წერს, რომ კოლონაზე იერიში HIMARS-ის კასეტური რაკეტებით მიიტანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვედანაყოფს ეკუთვნოდა გამადგურებული კოლონა.

გასულ საათებში გავრცელდა ცნობა, რომ კურსკის ოლქში, რილსკის რაიონში უკრაინელებმა რუსების კოლონა გაანადგურეს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა როგორ ეკიდა ცეცხლი ავტომობილებს. 

8-9 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსულ ოლქებზე მასობრივი იერიშები მიიტანა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები