რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: სუჯაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპაში რუსული გაზი გაძვირდა

REUTERS/Hannibal Hanschke

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასი მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. ამის მიზეზად კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქ სუჯაში არსებული გაზის გამანაწილებელი სადგურის დაკავება სახელდება. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.

როგორც Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული, გაზით მოვაჭრეები და  კომპანიები სუჯაში მიმდინარე მოვლენებს "ფრთხილად აკვირდებიან". 

ამჯერად ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გავლით, გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები მოცულობით, როგორც ეს ე.წ. სავაჭრო ნომინაციებითაა გაწერილი

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში გადატანის შესახებ წლის ბოლოს გასდის ვადა, მიწოდების უეცარი და ადრეული შეჩერება ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს, ვინაიდან ცენტრალური ევროპის ქვეყნები სწორედ რუსულ ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებულნი. 


გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე. 

ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

    კომენტარები