კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრები შესაძლოა აფრიკიდან კურსკის ოლქში გადაიყვანონ. ინფორმაციას Z-ბლოგერი ეგორ კუზენკო, იგივე ტრინადცატი ავრცელებს.
"ხომ ვამბობდი, რომ კარგი სიახლეები იქნება? რუსეთში კსკ ვაგნერის მებრძოლები ბრუნდებიან". – წერს კუზენკო.
"წავედით კურსკში"! – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი ვაგნერელი.
ვაგნერელების კურსკის ოლქში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში 7 აგვისტოს გამოჩნდა. კსკ ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე ინფორმაციას უარყოფენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა სუჯას მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ამბობენ, რომ ქალაქი უკრაინის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება.





