უკრაინულ და რუსულ Telegram არხებში ვრცელდება რუსი ტყვეების ვიდეოები. ჯარისკაცები ამბობენ, რომ კურსკში მდებარე სამხედრო შენაერთების წევრები არიან, რომლებიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
6 აგვისტოს დილიდან რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ცნობები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის შესახებ.
როგორც ჩანს ამჯერად საუბარი არაა მხოლოდ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსსა და ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაზე, არამედ მოქმედებებში, სავარაუდოდ, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. ცნობების მიხედვით, იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობს ტანკებიც.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა.
Z-ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს სამხედრო ტექნიკა სამკუთხედის ნიშნით. მათი მტკიცებით, ეს ტექნიკა კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში შენიშნეს, სამკუთხედი კი ამ მიმართულებით მოქმედი უკრაინელი სამხედროების ახალი ტაქტიკური სიმბოლოა.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა თავდაპირველად ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. შუა დღეს სმირნოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეტაკებები ბელგოროდის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა.





