სასამართლომ აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გუგუჩიას საგამოძიებო უწყებამ ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა - პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა.
2024 წლის 31 მაისს, პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ოპერატორთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
პროკურატურის მტკიცებით, "ტელეკომპანია პოს ტვ-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს".
გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუგუჩია მაღაზიის მფლობელია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა.
"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა.





